სამეცნიერო წრეეებში ხშირად აღნიშნავენ, რომ ქრისტიანობა (იგივე მართლმადიდებლობა) ყველაზე ძლიერი იყო, სანამ კონსტანტინე დიდი მას სახელმწიფო რელიგიის სტატუსს მიანიჭებდა. ეს პირდაპირ კავშირშია ქრისტეს სიტყვებთან - მეუფება ჩემი არა ამა ქვეყანისა არს, ანუ ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის არსი არ წარმოადგენს მიწიერი და თუნდაც სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტას. იგი, როგორც უნივერსალური მსოფლიო რელიგია ისწრაფვის ადამიანის ზნეობრივი გაწმენდისა და გათავისუფლებისკენ, ადამიანის განღმრთობისკენ, შეცდომის გამოსწორებისკენ იქნება ეს მხილების თუ პირადი მაგალითის გზით.
ამიტომ, ეკლესია, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა იყოს არა სახელმწიფო მანქანის შემადგენელი ნაწილი, არამედ დამოუკიდებელი ორგანიზმი, რომელიც დადგება ერის ზნეობრივი სიჯანსაღის სადარაჯოზე და, პირველ რიგში, ზნეობრივ მაგალითს უჩვენებს ერს, რადგან სახარებაშია ნათქვამი, რომ განკითხვა სწორედ უმაღლესი სასულიერო იერარქებიდან დაიწყება და გამართლდება არა ის ვინც იძახის, უფალო, უფალო, არამედ ვინც აღასრულებს ქრისტიანულ მოვალებას მოყვასის და ღმერთის წინაშე.
ეკლესიის დიდი მნათობნი ყოველთვის უკომპრომისონი იყვნენ ამა ქვეყნის ძლიერთა მიმართ. ამიტომაც იყო, რომ იოანე ოქროპირმა საქართველოში ჰპოვა განსასვენებელი, ისევე, როგორც მაქსიმე აღმსარებელმა.
ეკლესიის, როგორც ზნეობრივი რჯულმდებლის, უპირველესი ფუნქციაა საზოგადოებას ზნეობრივი ორიენტირები განუსაზღვროს, შავი თეთრისგან განარჩიოს, ბნელი ნათლისგან, რადგან ნათქვამია - თუ თქვენში ნათელიც კი ბნელია, მაშინ ბნელი როგორიღა იქნება.
ასე, რომ ეკლესიას უდიდესი სოციალური დატვირთვა გააჩნია, რადგან ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის, ხალხი კი თავის ძალაუფლებას გადასცემს თავისი ზნეობის და პრინციპების შესაბამის ძალას. ეკლესიის როლი კი სწორი საზოგადოებრივი ცხოვრებნის ჩამოყალიბების საქმეში უდიდესია.